პუტინის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავში დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს

პუტინის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავში დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაგნერის დამფუძნებლის თვითმფრინავზე გარეგანი გავლენა არ ყოფილა, ავიაკატასტროფაში დაღუპულებში ცხედრებში კი ხელყუმბარის კვალი იპოვეს.

"ვიცი, ჰაერშია კითხვა, რა მოუვიდა კომპანიის ხელმძღვანელობას. ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ, მომახსენა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა [ალექსანდრე ბასტრიკინმა] სულ ცოტა ხნის წინ. ავიაკატასტროფაში დაღუპულების ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავზე არანაირი გარეგანი გავლენა არ ყოფილა, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგია", - თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა ამის გაკეთება ღირდა. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგში, პრიგოჟინის კომპანიის ოფისში 10 მილიარდი რუბლი ნაღდი ფული და 5 კგ კოკაინი აღმოაჩინეს.

კერძო თვითმფრინავი Embraer, რომელზეც ვაგნერის დამფუძნებელი იმყოფებოდა და მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 23 აგვისტოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და ვაგნერის მეთაურები. მგზავრებს შორის იყვნენ ვალერი ჩეკალოვი, ვაგნერის მეთაური დმიტრი უტკინი, დაცვის თანამშრომლები სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი და ნიკოლა მატუსეევი, ასევე სამოქალაქო მფრინავები და ბორტგამცილებელი.

თვითმფრინავი ჩამოვარდა ზუსტად ორ თვეში მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინი აჯანყდა.

მეორე დღეს, პუტინმა მწუხარება გამოთქვა პრიგოჟინის დაღუპის გამო და ოჯახს მიუსამძიმრა.

კრემლი "აბსოლუტურ ტყუილს" უწოდებს ყველა განცხადებას, რომ პრიგოჟინი პუტინის დავალებით მოკლეს.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვე გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.