პუტინი თანახმაა 30-დღიან ზავზე, თუმცა მისი თქმით, “არის ნიუანსები"

პუტინი თანახმაა 30-დღიან ზავზე, თუმცა მისი თქმით, “არის ნიუანსები"

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტავს, რომ თანახმაა 30-დღიან ზავზე, მაგრამ “ეს უნდა იყოს გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ”.

“ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს იმგვარი, რაც მიგვიყვანდა გრძელვადიან მშვიდობამდე და ამ კრიზისის საწყის მიზეზებს აღმოფხვრიდა”, - თქვა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ "არის ნიუანსები". მან ერთ-ერთ ამ ნიუანსად დაასახელა უკრაინული არმიის პოზიცია კურსკის ოლქში და თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მასზე კონტროლთან დაკავშირებული კიდევ ბევრი სხვა ნიუანსია და ისინი დეტალურად უნდა განიხილონ შეერთებულ შტატებთან.

ასევე, პუტინმა თქვა, რომ "არსებობს საკითხები, რომლებიც განსახილველია" და აქვს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა.

"როგორ განიხილება სხვა ასპექტები 2000 კილომეტრიანი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ? მოგეხსენებათ, რუსული ჯარები პრაქტიკულად მიიწევენ კონტაქტის ხაზის ყველა სექტორში და ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ საკმაოდ დიდი დანაყოფები ალყაში მოვაქციოთ.

რა მოხდება 30 დღის განმავლობაში? ეს საშუალებას მისცემს უკრაინას გააგრძელოს იძულებითი მობილიზაცია, იარაღის მიწოდება უკრაინაში, რათა ახლად მობილიზებული ქვედანაყოფების წვრთნა მოხდეს, თუ ეს არ მოხდება?

ვინ გასცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას? რა წონის იქნება ეს ბრძანებები ფრონტის ხაზის 2,000 კილომეტრის გასწვრივ? ვინ გადაწყვეტს 2,000-კილომეტრიან ხაზზე თუ იყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, ვის დაჰბრალდება? ვის დაჰბრალდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა? ყველა ეს საკითხი ყურადღებით, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ორივე მხარის მიერ. ასე რომ, იდეა კარგია, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, მოლაპარაკებები გვჭირდება ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, შეიძლება სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას, თავად იდეას, მხარს ვუჭერთ", - თქვა ვლადიმირ პუტინმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

სამშაბათს, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა მოლაპარაკების შემდეგ გამოაქვეყნა კიევისა და ვაშინგტონის ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კიევი მზადაა შეერთებული შტატების წინადადებისთვის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე.

რუსული მედია Коммерсант-ის კორესპონდენტის, ანდრეი კოლესნიკოვის ინფორმაციით, 13 მარტს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკების შემდეგ, პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება.

დღეს სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავიდა, რათა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება.

ამასთან, საგარეო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მრჩეველი და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი იური უშაკოვი მიიჩნევს, რომ ეს იქნება "დროებითი ამოსუნთქვა" უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

"მეჩვენება, რომ ამ ვითარებაში არავის სჭირდება რაღაც მსგავსი ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო ქმედებების იმიტაციაა", - ამბობს ის Россия 1-თან ინტერვიუში.