
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრა შესაძლებელია, თუმცა კითხვებს იწვევს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა.
„როგორც უკვე ვთქვი, მზად ვარ ყველასთან შესახვედრად, მათ შორის ზელენსკისთანაც. მაგრამ საკითხი არ არის შეხვედრაში. თუ უკრაინულ სახელმწიფოს სურს მას მიანდოს მოლაპარაკებები — როგორც გნებავთ. მაგრამ საქმე არაა იმაში, ვინ წაიყვანს მოლაპარაკებებს, არამედ იმაში, ვინ მოაწერს ხელს შეთანხმებებს“, — აღნიშნა პუტინმა TASS-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან გაიმართა.
რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილებებზე საუბრისას, უმნიშვნელოვანესია ლეგიტიმურობის სამართლებრივი კომპონენტი.
„თუ პირველი პირი არალეგიტიმურია, მთელი მმართველობის სისტემაც არალეგიტიმური ხდება. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ შეხვედრას. უბრალოდ, თუ ეს იქნება საბოლოო ეტაპი, სადაც უნდა დასრულდეს პროცესი და დაიდოს კონკრეტული შეთანხმება, ხელმოწერა უნდა ჰქონდეს ლეგიტიმურ ხელისუფლებას. თორემ მოვა შემდეგი და გადააგდებს ნაგავში. ასე ხომ სერიოზულ საკითხებს ვერ გადავწყვეტთ“, — განაცხადა პუტინმა.