პროკურორმა მზია ამაღლობელის საქმეზე საპროცესო შეთანხმების განხილვის "მზადყოფნა გამოთქვა"

პროკურორმა მზია ამაღლობელის საქმეზე საპროცესო შეთანხმების განხილვის "მზადყოფნა გამოთქვა"

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა პროკურორმა. ასევე, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მოუსმინა დაცვის მხარის მოწმეს, ექიმ-ნევროლოგ ნათია ხარატს.

ექსპერტმა, ექიმ-ნევროლოგმა მზია ამაღლობელის სასამართლოზე თავისი დასკვნა წარმოადგინა და გაგრძელდა განხილვა, შეეძლო თუ არა ტკივილის განცდა პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის მიერ მარცხენა ხელის სამი თითით გაწნული სილით.

ექიმ-ნევროლოგის თანახმად:

"არცერთი ობიექტური ნიშანი არ გვაქვს დარტყმის პროცესში, რომ მან [ირაკლი დგებუაძემ] განიცადა ტკივილი. მეორე კადრი ვნახე, როდესაც აჩვენებენ ბატონი დგებუაძის სახეს, ორივე მხრიდან, კარგად განათებულია. სილიდან წუთნახევარშია ეს კადრები გადაღებული.

როდესაც ძლიერი ტკივილია. ამის შეკავება რთულია. ან გვექნებოდა სახის ასიმეტრია და ჰიპერემია, სიწითლე. ჩანს, რომ არაფერი ცვლილება არაა, ასევე არანაირი ცვლილება არაა სახის გრიმასის.

ამასთან, მე მივიღე [სამხარაულის] ექსპერტის დასკვნა, რომ მას არ ჰქონდა ტკივილის ობიექტური ნიშნები", - ბათუმელების თანახმად, ამის შესახებ სხდომაზე ექიმმა-ნევროლოგმა, ნათია ხარატმა განაცხადა.

ექიმ-ნევროლოგის გამოკითხვის შემდეგ, სხდომაზე დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის ირგვლივ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. სასამართლოში შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა პროკურორი.

პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ყურადღება გაამახვილა საპროცესო შეთანხმებაზე და თქვა, რომ დაცვის მხარეს აქამდე მათთვის საპროცესო შეთანხმებისთვის არ მიუმართავს.

"მათი მზადყოფნის შემთხვევაში ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ განვიხილოთ [საპროცესო შეთანხმება]“ – თქვა მან და Netgazeti-ს თანახმად, დასძინა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძეც თანახმაა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითვალისწინებს, რომ მზია ამაღლობელმა აღიაროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარდგენილი ბრალდება.

მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სხდომა პირველ აგვისტოს გაიმართება.