
საქართველოს პროკურატურამ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას შეეხება.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხაზარაძე 25 მარტს კომისიის სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო ახსნა-განმარტების გასაკეთებლად, თუმცა, გაფრთხილების მიუხედავად, იგი სხდომას „არასაპატიო მიზეზით“ არ დაესწრო. უწყება სასამართლოს კანონის შესაბამისად მიმართავს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით, თუმცა კონკრეტულად რას მოითხოვს – პატიმრობას თუ ჯარიმას – არ აკონკრეტებს.
მამუკა ხაზარაძე ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ არ ცნობს არც პარლამენტს და არც საგამოძიებო კომისიას, რომელსაც „ანტიეროვნული“ უწოდა. მისი თქმით, საქართველო მძიმე კრიზისშია და ბრძოლას მშვიდობიანი გზებით გააგრძელებს.
ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბრალის წარდგენის შემდეგ, თბილისის პროკურატურა დატოვა. მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. მოითხოვს თუ არა პროკურატურა პატიმრობას, ჯერჯერობით უცნობია.