პროკურატურამ ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ მკვლელობაზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ მკვლელობაზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ორ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

კერძოდ, დაკავებულებს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთა ედებად.

უწყების ცნობით, დაკავებულები 18 ივლისს უკანონოდ შემოვიდნენ საქართველოში.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა 18 ივლისს, ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდნენ.

იმავე დღეს ბათუმში მდებარე რესტორანში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ასევე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქის მიმართ, შემდეგ კი თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა. სროლის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო მეორე სიკვდილს გადაურჩა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა", - წერია განცხადებაში.

ერთ დაკავებულს თავისუფლების 20 წლამდე, ხოლო მეორეს 7 წლამდე აღკვეთა ემუქრება.