უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის აგრესიას უკრაინაში 10 749 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 15 599 კი - დაშავდა.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსის, იური ბელუსოვის თქმით, დაღუპულებიდან 499 ბავშვია.
"ჩვენ გვესმის, რომ ეს რიცხვები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. როდესაც ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, რიცხვი ბევრად გაიზრდება და შესაძლოა ათჯერაც"- თქვა მან.
მისი ვარაუდით, მხოლოდ მარიუპოლში ათიათასობით დაღუპული იქნება.
პროკურატურის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავები ეცდებიან ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირებას, თუმცა ეს "ადვილი არ იქნება".
ამასთან, ბელუსოვის თქმით, პარტნიორების წყალობით, სხეულის იდენტიფიკაციის სისტემა, ლაბორატორიების რაოდენობა და დნმ-ის ანალიზის შესაძლებლობა ახლა ბევრად გაუმჯობესებულია.