პროკუდინი: ხერსონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ევაკუირებულია 1700-ზე მეტი ადამიანი

პროკუდინი: ხერსონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ევაკუირებულია 1700-ზე მეტი ადამიანი

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ხერსონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მისი თქმით, ამ დროისთვის 1700-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

"უპრეცედენტო კატასტროფის მეორე დღეა. ვითარება კონტროლს ექვემდებარება ხერსონში. ამ დროისთვის ევაკუირებულია 1700-ზე მეტი ადამიანი. ოკუპანტები განაგრძობენ დასახლებების დაცხრილვას.

ასევე, განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა, რის გამოც ცხელი ხაზი აღარ მუშაობდა. სამაშველო სამსახური ვერ იღებდა მოსახლეობის მხრიდან ზარებს, რომლებიც შველას ითხოვდნენ. ახლა გვაქვს სხვა ნომერი და უკვე გვიკავშირდებიან", - თქვა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გუშინ, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.