დაქირავებულთა ჯგუფის ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, მისი ჯარისკაცების ძირითადი ნაწილი ქალაქ ბახმუტს დღეს დატოვებს, დანარჩენები კი 5 ივნისამდე გამოვლენ.
"დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 ივნისამდე, როგორც ვგეგმავდით. ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ. ახლა აქ განვთავსდებით, დავისვენებთ, გადამზადებას გავივლით და ა.შ.", - თქვა პრიგოჟინმა.
პრიგოჟინმა ბახმუტის აღება 20 მაისს გამოაცხადა. უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ დაადასტურა ქალაქის ჩაბარება.
ბოლო თვეების განმავლობაში ბახმუტში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები ქალაქზე თავდასხმებს აგრძელებენ, თუმცა უკრაინელები იერიშის მოგერიებას ახერხებენ.
ISW-ს ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტის რეგიონში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამასთან, ბოლო ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას არ შეუძლია ბახმუტის მიტოვება, რადგან ქალაქის აღება რუსეთის ჯარებს ფრონტის გაფართოებაში დაეხმარება.
2 მაისს, თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ თქვა, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა.