საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიელ ხალხთა, ქისტებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მწერალი ხასო ხანგოშვილი (სიკვდილის შემდეგ) ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტი მწერლის ოჯახს პანკისის ხეობაში სოფელ დუისში ესტუმრა და ჯილდო პირადად გადასცა.
"როგორც მწერალს, მას უკვე გადაეცა ჯილდო. ჯილდო, რომელსაც დღეს მას გადავცემთ სახელმწიფო ჯილდოა, და მე მინდა, რომ ეს სახელმწიფოს მადლიერების გამოხატულება იყოს ამ დიდი ადამიანისა და დიდი პიროვნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ კავკასიის კულტურა შენარჩუნებულიყო და საქართველოს ამ საუნჯის ბოლომდე გაცნობა და შენახვა გაეგრძელებინა, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მრავალფეროვნებაა, ეს ტოლერანტობაა, რომელიც ოდითგან მოდის და რომელიც დღეს ზოგჯერ გვიჭირს, აღარ ვიცით რას ნიშნავს სინამდვილეში, და ზოგჯერ, ვიტყოდი, ვიფანტებით. მაგრამ, ჩვენი ჭეშმარიტი კულტურა, ჭეშმარიტი ქართველობა სწორედ იმაშია, რომ ქისტი იქნება, თუ სხვა წარმოშობის, სხვადასხვა ეთნოსები, რომლებიც ქმნიდნენ და დღესაც ქმნიან საქართველოს, არ დავივიწყოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა პოეტის ოჯახთან შეხვედრის დროს.
ხასო ხანგოშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი იყო და აქტიურად იყო ჩაბმული პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.