პრეზიდენტი: ძლიერი NATO საქართველო-უკრაინის თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის ერთადერთი გზაა

პრეზიდენტი: ძლიერი NATO საქართველო-უკრაინის თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის ერთადერთი გზაა

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ში ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და მიესალმება გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას აძლიერებენ.

ზურაბიშვილი წერს, რომ ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ერთადერთი გზაა.

"ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.

გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.

ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს", - წერს ზურაბიშვილი.

ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომლის მთავარი საკითხიც უკრაინის პოტენციური წევრობაა. NATO ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა კომუნიკეც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ნათქვამია, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას რეფორმების განხორციელების პროცესში მომავალი წევრობის გზაზე და შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინა მიიწვიონ NATO-ში გაჩნდება მას შემდეგ, რაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და დაკმაყოფილდება პირობები.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ალიანსმა უკრაინისთვის გააუქმა MAP-ის მოთხოვნა და უკრაინის წევრობის გზა 1-ნაბიჯიან პროცესად იქცა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი შეთანხმდა უკრაინისთვის 3-წლიან პრაქტიკული დახმარების პროგრამაზე, რომელიც ქვეყანას ალიანსთან კიდევ უფრო დააახლოებს.

გენმდივნის ინფორმაციით, ასევე შეიქმნება NATO-უკრაინის საბჭო სადაც ალიანსის წევრი ქვეყნები და უკრაინა თანასწორები იქნებიან.