საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და მოახლოვებული არჩევნების გეგმებზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ აპირებს არჩევნებზე იყოს პროევროპული ფრონტის ლიდერი და ამას გააკეთებს არჩევნებში არა უშუალოდ ჩართვით, არამედ იქნება პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის პროდასავლური ფრონტის გარანტორი.
"საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი ტესტი ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობა გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან არჩევნებია და მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ამას გავაკეთებ არა უშუალო ჩართვით არჩევნებში, არამედ როგორც პროდასავლური, პროევროპული ფრონტის გარანტორი პოლიტიკური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მესამე კვირაა მართავენ დემონსტრაციებს ერთი ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე. და ეს იქნება ბევრისმეტყველი სხვა ქვეყნებისთვისაც, თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი და "სხვა კანონებიც", რომლებიც მისი თქმით, საქართველოს ევროპულ გზას აშორებს.
"ეს კრიტიკული [მომენტია] საქართველოსთვის, რადგან თქვენ იცით, რომ საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი და წლის ბოლომდე გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ გზაზე იყო. ეს შუა წერტილია, ვინაიდან არსებობს ახალი ზეწოლა, რუსული კანონის ხელახლა წარდგენა. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული კანონი. გარდა ამისა, ხდება სხვა კანონების წარდგენაც, რომლებიც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებსა და ზოგადად ევროპულ გზას გვაშორებს", - თქვა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მეთოდები, რომლებსაც დღეს პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, "რუსული მეთოდებია".
"მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდებია, დაშინების მეთოდებია, რომლითაც ცდილობენ, გაჩერდეს პროტესტი და მეთოდებია, რომ ხალხმა აღარ თქვას, რომ მათ სურთ ევროპული გზის დაბრუნება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.