
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.
OC Media-ს თანახმად, ეს განცხადება მან პოლონეთის პარლამენტში მიგრაციაზე საუბრისას გააკეთა, რის შემდეგაც, დონალდ ტუსკის მთავრობამ პარლამენტში ნდობის საკითხზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა მოიგო.
"ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. [...] დიახ, ეს ჩემი მიზანიც არის - კარგად ვიცი, რომ ქართველების დაახლოებით მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რა არის პრობლემა.
საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება - ბოდიშს ვუხდი ქართველებს, რომლებიც შეიძლება განაწყენებულები იყვნენ - ზოგადად, მე ვარ იმ ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის მტკიცე მომხრე, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, ან ავტორიტარული ხელისუფლების კუთხით, ან საიდან მიგრაციაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენს ქვეყანაში კანონისა და წესრიგისთვის.", - თქვა მან.
დონალდ ტუსკმა გამოსვლისას მიგრაციაზე საუბრისას ისიც თქვა, რომ პოლონეთის მთავრობა ყოველდღიურად ახორციელებს კრიმინალში ეჭვმიტანილთა დეპორტაციას.
"ბოლოს, 4 დღის წინ, 50 ქართველი, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ კრიმინალურ საქმიანობაში, პოლონეთიდან იქნა დეპორტირებული", - დასძინა მან.