განახლება: ტექსტის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ პოლიციელის თქმით, მანქანაში, რომელიც დაიწვა, 7 000 ლარის ღირებულების ფეხსაცმელი იყო. შესწორებულ ტექსტში ფეხსაცმლის ღირებულებად პოლიციელი 1 000 ლარს ასახელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე, რომლის ავტომობილის დაწვასაც ედავება ბრალდებულ გრიგორიადისს პროკურატურა.
დღევანდელ სხდომაზე გიორგი მაისურაძემ თქვა, რომ აქციის დღეს რუსთაველის გამზირზე შუადღისთვის მივიდა და ავტომობილი, რომელიც მის განკარგვაში იყო, სასტუმრო თბილისი მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა, ავტომობილში დატოვა პირადი ნივთები, თავად კი პარლამენტის შენობის მიმდებარედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, სწორედ ამ დროს გაიგონა კოლეგების რაციაში შეტყობინება, რომ აქციის მონაწილეები მანქანებს აზიანებდნენ.
პოლიციელმა სასამართლოს უთხრა, რომ მის მანქანას ათზე მეტი დემონსტრანტი აზიანებდა, მანქანა რუსთაველზე ააგორეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ მას ცეცხლი წაუკიდა. პოლიციელის თქმით, დაინახა, როგორ გაუჩნდა მის ავტომობილს ცეცხლი, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პირის არც ამოცნობა და არც აღწერა არ შეუძლია.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა სხდომაზე თქვა, რომ შსს-ს თანამშრომლის პირვანდელ ჩვენებასა და სასამართლოზე ნათქვამს შორის შეუსაბამობა იყო, რადგან, თავდაპირველად გიორგი მაისურაძე ჩვენებაში ამბობდა, რომ საკუთარი მანქანის დაზიანების კადრები სოციალურ ქსელში ნახა და ის ფაქტი, რომ მან ეს ყველაფერი ადგილზე დაინახა, თავდაპირველ ჩვენებაში მითითებული არ ჰქონდა.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა სხდომაზე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ პოლიციელს ჩვენებაში ეწერა, რომ აქციის ღამეს სამსახურებრივ მანქანაში ეწყო ძვირადღირებული პირადი ნივთები: 1 300 ლარის ღირებულების სათვალე, 3 200 ლარის ღირებულები Apple Watch-ი, ასევე ფეხსაცმელი, რომლის ფასი, თავად პოლიციელის თქმითვე, 1 000 ლარს შეადგენდა.
პოლიციელმა დანარჩენ ნივთებზეც დაადასტურა სასამართლოში, რომ მას ეკუთვნოდა და თქვა, რომ ყველა მათგანი თავად შეიძინა. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა ეს დაადასტურა, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პოლიციელის შემოსავლით დაინტერესდნენ. პროკურატურამ ეს კითხვა გააპროტესტა და თქვა, რომ ამ გარემოებას საქმესთან კავშირი არ აქვს.
პროცესის დასასრულს, ლაზარე გრიგორიადისმა სხდომაზე განცხადების გაკეთება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ უარი უთხრა. მიზეზად ის დასახელდა, რომ გრიგორიადისმა სიტყვა პროცესის დასრულების შემდეგ მოითხოვა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე პროკურატურამ წარადგინა სახანძრო-ტექნიკური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა.
პროკურორის თქმით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი სწორედ ნავთობპროდუქტებისგან მზადდება, ამიტომ მისი განცხადებით, დასკვნა ბრალდებასთან პირდაპირ კავშირშია - დაცვის მხარე ექსპერტიზის დასკვნას არ დაეთანხმა და მას უნდობლობა გამოუცხადა.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.
ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.