პოლიციელის მიერ სტუდენტის პალატაში იარაღით შესვლის საქმეს საგამოძიებო შეისწავლის

პოლიციელის მიერ სტუდენტის პალატაში იარაღით შესვლის საქმეს საგამოძიებო შეისწავლის

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სტუდენტის, ლუკა შველიძის პალატაში, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელის იარაღით შესვლის მუქარის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამ მიზნით, დღეს სტუდენტი საგამოძიებო სამსახურში იყო დაბარებული.

"18 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 17 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში მყოფ ლუკა შველიძეს პალატაში იარაღით დაემუქრა, სამსახურმა ფაქტის შესწავლა მყისიერად გუშინვე დაიწყო.

კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, 18 ივნისს, უწყებაში შეტყობინების შემოსვლისთანავე, დაუკავშირდა შეტყობინების ავტორს - ლუკა შველიძის დედას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გასაუბრების მიზნით საგამოძიებო სამსახურში გამოცხადება სთხოვა.

2023 წლის 18 ივნისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ ასევე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია ლუკა შველიძესთან და მას გასაუბრების მიზნით მისთვის სასურველ დროს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება შეეთავაზა, რაზეც, მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოცხადდებოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში", - აღნიშნავენ საგამოძიებოში.

17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს, რომლებიც ირაკლი კობახიძის ლექციის გაპროტესტებას აპირებდნენ, თავს დაესხნენ - მათ ბანერები წაართვეს და კიბეებიდან დააგორეს. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ თავდამსხმელები არა სტუდენტები, არამედ კობახიძის მიერ "მიყვანილი" პირები იყვნენ.

მოგვიანებით თსუ-ის ერთ-ერთი სტუდენტი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მასთან იარაღიანი პირი მივიდა და პირადი მონაცემები მოსთხოვა. შაბათის ფორმულამ მოახერხა თავდამსხმელების იდენტიფიცირება - მათი ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.