თსუ-ის სტუდენტი: იარაღიანი პირები გამოგზავნეს კლინიკაში, ჩემს პირად მონაცემებს კითხულობდნენ

თსუ-ის სტუდენტი: იარაღიანი პირები გამოგზავნეს კლინიკაში, ჩემს პირად მონაცემებს კითხულობდნენ

თსუ-ის სტუდენტის, ლუკა შველიძის თქმით, ხეჩინაშვილის კლინიკაში, მისი ვინაობის გასაგებად ორი იარაღიანი პირი გაგზავნეს. მას კლინიკაში გადაყვანა მას შემდეგ დასჭირდა, რაც დღეს უნივერსიტეტში, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად პროტესტის გამოხატვას აპირებდა, თუმცა უცნობი პირები თავს დაესხნენ.

"საპროტესტო აქციას ვმართავდი და დამესივნენ კობახიძის ახალგაზრდული ფრთის და კობახიძის წარმომადგენლის ბავშვები. შეუძლოს ვიგრძენი თავი იმიტომ, რომ თავში იყო ნარტყამი ბოთლები, წიხლები, მუშტები. გადმომიყვანეს საავადმყოფოში. მოდის ორი პიროვნება და ჩემს პირად მონაცემებს კითხულობს. ვკითხულობ, რომ ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, იმიტომ, რომ სამოქალაქო ფორმით არიან მოსულები, ვკითხულობ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და გარბიან. გამოვეკიდე, წამოდგომა მომიწია და იარაღი აქვს. არ იძახის ვისი თანამშრომელია.

ამ საავადმყოფოში იარაღიანი პირი შემოუშვეს ისე, რომ უკანა გასასვლელიც იცოდა, ჩვეულებრივი შესასვლელიდან არ შემოსულა და ახლა ამათ უნდათ, რომ ვენდო. იარაღიანი პირები გამომიგზავნეს აქ და რომ არ გამოვსულიყავი და არ შემეჩერებინა, პოლიცია ვერ გადაიყვანდა. რატომ არის ახლა დაკავებული, თუ პოლიციელი იყო? რატომ იყო სამოქალაქო ფორმაში მოსული და რატომ იყო ნასვამი? ასე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას? ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ?", - ამბობს სტუდენტი.

ფორმულა მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა. დამატებითი დეტალების მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჰყვებიან, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად პროტესტის გამოხატვას აპირებდნენ, რა დროსაც უცნობმა პირებმა ბანერები წაართვეს და კიბეებიდან დააგორეს. სტუდენტები ამბობენ, რომ თავდამსხმელები "კობახიძის მიყვანილი ხალხი" იყო.