ბათუმში, აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქის თქმით, პოლიციამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, ის ამბობს, რომ პოლიცია მას უხეშად და აგრესიულად ეპყრობოდა.
"ძალიან უხეშად მექცეოდნენ, ერთი უკიდურესად აგრესიული იყო. დამაკავეს ქუჩაში, სადაც აქციის მონაწილეებიც იყვნენ. მერე წამიყვანეს ისეთ ადგილას, სადაც მარტო პოლიციელები იყვნენ. იქ უკვე ძალიან უხეშად მეპყრობოდნენ. არსებობს ვიდეო დაკავების და იქ ყველაფერი თითქოს ნორმალურად ჩანს, მაგრამ მანამდე, ვიდრე ვიდეოს არავინ იღებდა და სანამ მანქანაში ჩამსვამდნენ, ძალის გადამეტება იყო.
დროშა მქონდა შემოხვეული და მხსნიდნენ, რატომ, ვერ მივხვდი. არც უკანონობაა და არც არავის არაფერს უშავებდა. შოკში ჩავვარდი, როდესაც მხსნიდნენ დროშას და ხელი ჩავჭიდე. ამ დროს ხელები ამომიტრიალეს, თითებს მამტვრევდნენ, რამდენჯერმე დარტყმაც ვიგრძენი. სილურჯეები ახლაც მაქვს", - აღნიშნა მან.
31 ივლისს, ბათუმში, სადაც მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ უკრაინის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პარტია ლელოს წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა. ამავე დღეს, ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს.
ბათუმში, მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი - ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.
ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.
ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.