უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს მთავრობასთან "ურთიერთობების ნორმალიზებაზე" საუბრისას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას "გადამწყვეტ ნაბიჯად" ასახელებს. ამაზე მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.
ხელისუფლებებს შორის "ურთიერთობების ნორმალიზებაზე" საუბრისას წამყვანმა ეთერში წაიკითხა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის განცხადება, სადაც არახამია 3 პირობას ასახელებს, რომელთა შესრულებაც მისი თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს შეუწყობს. წამყვანის შეკითხვას, თქვენი გადმოსახედიდან, რა არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო, პოდოლიაკმა უპასუხა:
"პირველი - საჭიროა დრო იმისთვის, რომ ვაწარმოოთ რთული მოლაპარაკებები. მეორე - საჭიროა საერთო ღირებულებები, თუ ჩვენ ევროპისკენ მივემართებით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი ევროპა არ არის და ნამდვილად ნათელ მომავალს არ უზრუნველყოფს რუსეთი. ვეთანხმები ბატონ არახამიას, საჭიროა დისტანცირება რუსეთისგან. საჭიროა ხანგრძლივი პერსპექტივით აზროვნება - 5-10 წლის შემდეგ სად იქნება საქართველო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ადრე თუ გვიან მოვახდენთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებას იმიტომ, რომ ჩვენ სინქრონიზებულები ვართ.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის თავისუფლებას. ეს ახდენს სიმბოლიზებას, თუ რა არის რეალური საქართველო.
რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, მე ყოველთვის ამაზე ვაკეთებ აქცენტირებას, ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოხდეს დიალოგის შექმნა - აუცილებელია სააკაშვილის გათავისუფლება. შეიძლება სხვადასხვანაირი დამოკიდებულება გვქონდეს სხვადასხვა ლიდერებთან, შეიძლება, ჩათვალო ოპონენტად, პოლიტიკურ მტრად, მაგრამ ჩვენ უნდა მივიჩნიოთ, რომ საქართველოს ისტორიაში ის ყოველთვის იქნება პრეზიდენტი. მომავალ თაობებში რომ ეს კარგად ჩანდეს, ის უნდა იყოს თავისუფალი.
თქვენ შეიძლება, (ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას) არ გიყვარდეთ ის (სააკაშვილი), თქვენ შეიძლება იგი მიიჩნიოთ მტრად, პოლიტიკურ ოპონენტად, მაგრამ ისტორიისთვის, სადაც თქვენ იცხოვრებთ, აუცილებელია მისი გათავისუფლება. ეს ნაბიჯი ნამდვილად იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ საქართველო სინქრონიზებულად მიემართება ევროპისკენ"- თქვა პოდოლიაკმა.
[მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით]
"ურთიერთობების მოწესრიგებაზე" განცხადება თავდაპირველად საქართველოს მთავრობამ 11 მარტს გაავრცელა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უკრაინის დამოკიდებულების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ".
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, "ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ".
11 მარტს ოცნების ამ განცხადებას უპასუხა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ და დაასახელა სამი პირობა, რომელიც მისივე თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს შეუწყობს. არახამია განცხადებაში საუბრობდა სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტასა და რუსეთის დახმარების შეწყვეტაზე, სანქციების თავიდან არიდების ნაწილში.