საქართველოს მთავრობა უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ამ ქვეყნის დამოკიდებულების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
წერენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოზიციის დაფიქსირებისგან "დიდი ხნის განმავლობაში იკავებდნენ თავს", თუმცა ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შემდეგ, "იძულებულები" არიან, პოზიცია მკაფიოდ გამოხატონ.
მთავრობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ურყევად უცხადებდნენ უკრაინას სოლიდარობას და გმობდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მეგობარ ქვეყანაში და "შეშფოთების" რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ.
"ამ ფონზე, დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული:
უკრაინის ხელისუფლებამ, სანქციების არდაწესებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნის გაუგებარი საბაბით, 2022 წლის 1 მარტს საქართველოდან გაიწვია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; უკრაინის ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნის ყალბი საბაბით, 2023 წლის 3 ივლისს უკრაინა დაატოვებინა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ უცხოელ დიპლომატთაგანი, რომელიც ომის დაწყების დღიდან კიევში დარჩა და უკრაინას ერთი დღითაც არ ტოვებდა;
უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა არაერთი განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც მისი პატიმრობის, თითქოსდა, პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა, მათ შორის, გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ "რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა მიხეილ სააკაშვილს". უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობაში ამბობენ, რომ ამ კუთხით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნა.
"შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები ხელმძღვანელობდნენ საქართველოს წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იმსხვერპლა. ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია იბერიას ხელში ჩაგდების, კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის, პატიმრების წამების და ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეებზე, ხოლო ბრალდებულია ტელეკომპანია იმედის დარბევისა და მიტაცების, 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეებზე. გიორგი ლორთქიფანიძე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისის ძალადობის და საზღვრის უკანონო კვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარების საქმეებზე", - წერს მთავრობა.
მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს არაერთხელ მიმართა ამ პირების გადაცემაზე, უკრაინის ხელისუფლებამ "არ გამოავლინა პატივისცემა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და საქართველოს დამნაშავეები არ გადასცა".
"საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული. გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ღრმად გვწამს, რომ როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ პოლიტიკოსებმა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულ მეგობრობას ვერაფერი შეარყევს", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება მეორე განცხადებას, იქ უშუალოდ ადეიშვილზე საუბრობენ და უკრაინის დელეგაციაში მის მონაწილეობაზე გამოთქვამენ შეშფოთებას. ადეიშვილს რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ შემოქმედს უწოდებენ და წერენ, რომ ის "წლების მანძილზე ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს".
"ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია. შესაბამისად, აღნიშნული მოვლენა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს.
ანალოგიურად, ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართული. საქართველო არის ერთგული პარტნიორი და აქვს მოლოდინი, რომ მომავალში ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატია გამოავლენენ მეტ გულისხმიერებას და ერთგულებას იმ ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა", - წერს მთავრობა.