მთავრობა EU-ში ვიზიტისას უკრაინის დელეგაციაში ადეიშვილის ყოფნაზე "შეშფოთებას" გამოთქვამს

მთავრობა EU-ში ვიზიტისას უკრაინის დელეგაციაში ადეიშვილის ყოფნაზე "შეშფოთებას" გამოთქვამს

საქართველოს მთავრობა ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში უკრაინის დელეგაციაში ზურაბ ადეიშვილის ყოფნაზე "შეშფოთებას გამოთქვამს.

განცხადებაში მთავრობა ადეიშვილს რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ შემოქმედს უწოდებს და წერს, რომ ის "წლების მანძილზე ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს".

მათივე თქმით, EU-სა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ევროპული ბიუროკრატიის მიერ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთგულებაზე აღქმას უთხრის ძირს.

"ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია. შესაბამისად, აღნიშნული მოვლენა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს.

ანალოგიურად, ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართული. საქართველო არის ერთგული პარტნიორი და აქვს მოლოდინი, რომ მომავალში ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატია გამოავლენენ მეტ გულისხმიერებას და ერთგულებას იმ ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა", - წერს მთავრობა.

***

დელეგაციაში ზურაბ ადეიშვილის ყოფნაზე გერმანიის საელჩომ რადიო თავისუფლებას 7 მარტს განუცხადა, რომ ის ბუნდეგსტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. საელჩოს განცხადებით, ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს.

"ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია", - განაცხადა საელჩომ.