უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. მისი თქმით, ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა.
"ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელსაც იყენებენ რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღის მიწოდებისთვის, აუცილებლად არის ხანმოკლე... განადგურების მიზეზების მიუხედავად", - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი.
17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე შეჩერდა მიმოსვლა, რადგან "კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში საგანგებო შემთხვევა მოხდა".
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, კერძოდ, უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.