უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "რუსეთი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, მაგრამ უკრაინა უარს ამბობს".
"ეს ადამიანი [პუტინი] არ არის ადეკვატური, რეალისტური და აბსოლუტურად არ გააჩნია საბაზისო ცოდნა, რომ რაიმე სახის ანალიზი შეეძლოს. რუსეთში სჯეროდათ, რომ უკრაინას ძალიან სწრაფად აიღებდნენ და სხვა ქვეყნის ყველაზე პატრიოტ მოქალაქეებს დახოცავდნენ.
პუტინს ქვეცნობიერად სურს თქვას, რომ ისინი [რუსები] "ყოველთვის მშვიდობის მომხრენი იყვნენ" - ადამიანებს იმიტომ კლავენ, რომ მშვიდობის მომხრენი არიან, უკრაინის განადგურება სურთ, რადგან მშვიდობის მომხრენი არიან და ა.შ.", - ამბობს პოდოლიაკი.
რუსეთის პრეზიდენტმა G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "რუსეთს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარი არასდროს უთქვამს". ამასთან, პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომს "ტრაგედია" უწოდა.