პლატფორმა ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას ევროპული საქართველო შეუერთდა

პლატფორმა ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას ევროპული საქართველო შეუერთდა

ევროპული საქართველო ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის კოალიციას - ერთიანობას შეუერთდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ენმ-ის პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გამსხვილების მოტივატორი, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

"კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული სახალხო პარტიის წევრი პარტია, ეს ევროპული საქართველოა და მისი ლიდერი გიგი წერეთელი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს.

ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რუსული კანონის რეინიცირებამდე საუბრობდა ერთიანობის მნიშვნელობაზე, ახლა მისი მუდმივი მოწოდებებით ერთიანობისკენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ ქვეყანას და მსოფლიოს, რომ ის იყო, არის და იქნება მთავარი გამაერთიანებელი ჩვენს ქვეყანაში. ნაციონალური მოძრაობა იქნება მთავარი ფლაგმანი ამ ერთიანობის და ამ გამარჯვების. გპირდებით რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და უმოკლეს ვადაში ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი.

პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც აღვნიშნე იყო მთავარი მოტივატორი ჩვენი გამსხვილების, ჩვენი გაერთიანების. მჯერა, დღევანდელი გამსხვილებით ის იქნება ძალიან ბედნიერი", - თქვა ბოკუჩავამ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პარტიაში იქმნება ეროვნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც კობა ნაყოფია იქნება.

***

1-ელ აგვისტოს გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ევროპული საქართველო დატოვეს. პარტია დატოვეს ასევე მათმა მხარდამჭერებმა. 15 აგვისტოს ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმა პარტია ფედერალისტები დააფუძნეს.