პირველი ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.97% მიიღო.
ჯერჯერობით დათვლილია ოლქების მეოთხედი.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი იყო გასნილი.
არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.
მხოლოდ დღეს 14 ქალაქში, სულ მცირე, 51 ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველთა თქმით, დაკავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ყაზანსა და მოსკოვში დაფიქსირდა.
დღეს ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა მოსახლეობამ საარჩევნო უბნებთან აქცია გამართა.
კერძოდ, აქციის - "შუადღე პუტინის წინააღმდეგ", მთავარი მიზანი პუტინის წინააღმდეგ ხმის მიცემა, ან საარჩევნო ბიულეტენის დაზიანებაა.
დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა, აქციას ნავალნის "ანდერძი" უწოდეს.