
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინი თანახმაა უკრაინაში ომის დასრულებისთვის, თუ NATO აღმოსავლეთისკენ, კერძოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არ გაფართოვდება და ასევე მოიხსნება სანქციების დიდი ნაწილი.
კითხვაზე, განიხილება თუ არა ამგვარი პირობები აშშ-სთან მოლაპარაკებებისას, პესკოვმა განაცხადა, რომ ხშირად მსგავსი ინფორმაციები "არასწორია ან აშკარა ტყუილია."
"ამჟამად ბევრი დისკუსია მიმდინარეობს. ხშირად, მათი უმეტესობა სრულიად არასწორი, ყალბი, ან აშკარა ტყუილია. აქ ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, იმის გათვალისწინებით, რომ პოზიციებისა და მიდგომების გაცვლა მიმდინარეობ", - თქვა მან.
ჟურნალისტებთან საუბრისას პესკოვმა გაიმეორა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული მოლაპარაკებები ორმხრივია, შესაბამისად საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი ვერ განიხილება.
"როგორ შეგვიძლია განვიხილოთ საქართველო უკრაინასთან მოლაპარაკებებში? ეს არის ორმხრივი, პირდაპირი მოლაპარაკებები", - განაცხადა კრემლის სპიკერმა.
მან ასევე დაამატა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის კრემლი მემორანდუმის თავის ვერსიას მალევე წარადგენს.
დღეს, გამოცემა Reuters-მა, სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინი მზადაა უკრაინაში ომის დასრულებისთვის, თუმცა მკაცრი პირობებით — მათ შორის, წერილობითი გარანტიით, რომ დასავლეთი შეწყვეტს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და მოიხსნება სანქციების დიდი ნაწილი.
წყაროთა თქმით, პუტინის მოთხოვნა გულისხმობს დასავლეთის მხრიდან ოფიციალურ უარს ნატოში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღებაზე — ანუ სწორედ იმ ქვეყნების, რომლებსაც მოსკოვი საკუთარ ისტორიულ გავლენის ზონად მიიჩნევს.