კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვაგნერის ხელმძღვანელის გარშემო არსებული ყველა მოვლენის შესახებ ინფორმირებულია.
"პრეზიდენტი პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის ირგვლივ არსებული ყველა მოვლენის შესახებ. საჭირო ზომები მიიღება", - განაცხადა პესკოვმა.
23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია".
"ბოროტება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, შეჩერებულ იქნება. ვითხოვ, არავის გაუწიოთ წინააღმდეგობა. ყველა ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ამას საფრთხედ მივიღებთ", - თქვა პრგოჟინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა ვაგნერის ბანაკებზე დარტყმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და "წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას".
ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.