კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში გაემგზავრება.
პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით.
პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება აჯანყებაში მონაწილე ვაგნერის მებრძოლებს არ დასჯის. მისი თქმით, მებრძოლების ნაწილი, რომლებმაც თავდაპირველად უარი თქვეს პრიგოჟინის აჯანყებაში მონაწილეობაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს გააფორმებს.
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთში აჯანყებას აჩერებს. მისი თქმით, ძალებს უკან, საველე ბანაკებში აბრუნებს.
მანამდე, ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო პრიგოჟინს ესაუბრა. ლუკაშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოსგან შეთავაზება ვაგნერელების მოძრაობის შეჩერებასა და დაძაბულობის დეესკალაციაზე.