პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველ ზარებთან დაკავშირებით ყველა განცხადება და შეტყობინება რეაგირებისა და გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა.
გავრცელებულ განცხადებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ საქმეზე მაგთიკომსა, სილქნეტსა და სელფი მობაილში შემოწმება ჩაატარა.
უწყების განცხადებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის თანახმად, ქართული სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, რომლებიდანაც სატელეფონო ზარები განხორციელდა, არ არის მათ ქსელში კონკრეტულ პირებზე (მათ შორის, სატელეფონო ზარების განხორციელების დროს) რეგისტრირებული, შესაბამისად, სატელეფონო ნომრები არააქტიურია.
"ამდენად, მათთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობის და მისი დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია"- ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში სატელეფონო ნომრის ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების ქსელში კონკრეტულ პირზე რეგისტრაციის მიუხედავად, სატელეფონო ნომრის დეტალური ამონაწერის თანახმად, მითითებული ნომრიდან, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ფიქსირდება გამავალი/შემავალი სატელეფონო ზარები.
"შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ზარის განმახორციელებლის იდენტიფიკატორის გაყალბებას (ე.წ. Caller ID Spoofing), რომელიც ხორციელდება შემდეგნაირად: ზარის განმახორციელებელი ადრესატთან ზარს ახორციელებს რეალური ნომრის გამოყენებით, სპეციალური ინფრასტრუქტურის გავლით, რა დროსაც ზარის განმახორციელებლის რეალური ნომერი იცვლება არარსებული ან/და მითვისებული ნომრით. შედეგად, ადრესატთან დაკავშირება ხდება იმგვარად, რომ ზარის ინიციატორად აისახება არარსებული/მითვისებული სატელეფონო ნომერი და ზარის განმახორციელებელი პირის რეალური ნომერი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის დაუდგენელია"- ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ანალოგიური პროცესი იკვეთება უცხო ქვეყნების, მათ შორის, აზერბაიჯანული სატელეფონო ნომრებიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან მიმართებითაც.
"ადგილზე შემოწმების ფარგლებში, ერთ-ერთი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მის ქსელში ჩართულ აბონენტებთან, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანული ნომრებიდან ხორციელდებოდა დიდი რაოდენობის სატელეფონო ზარები, რაც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოქმედი მობილური ოპერატორისგან მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, არ ხდებოდა მათი ქსელის გავლით.
შემოწმების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მიერ სამსახურისთვის მოწოდებული განმარტებების თანახმად, მათთვის უცნობია მათ ქსელში არარეგისტრირებული სატელეფონო ნომრების მფლობელების ვინაობის და დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ.
საგულისხმოა, რომ შემოწმების ფარგლებში ერთ-ერთი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურში წარმოდგენილ მომართვებში მითითებული ნომრებიდან, 2024 წლის მაისის თვეში, დაფიქსირდა აღნიშნული კომპანიის ოთხასზე მეტ აბონენტთან ზარების განხორციელების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც, მითითებულ პროცესში მოქალაქეებთან სატელეფონო ზარების განხორციელება, ერთგვაროვანი მეთოდის (ე.წ. Caller ID Spoofing) გამოყენების, სიხშირისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს, ამასთან, ძირითად შემთხვევაში, სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანების დაშინების მცდელობას, ხოლო, დასახელებული საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს, სამსახურმა მითითებულ საკითხთან მიმართებით მიღებული ყველა განცხადება და შეტყობინება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რეაგირებისა და გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაუგზავნა საქართველოს პროკურატურას"- ნათქვამია განცხადებაში.
***
მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ პოზიციას ღიად აფიქსირებდნენ, ასევე იღებდნენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში სხვადასხვა უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ. ამასთან, ხელისუფლებს მიერ ორგანიზებული ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მოქალაქეებთან, აქტივისტებთან თუ პოლიტიკოსებთან დარეკვას, თუმცა ამჯერად მოკვლის მუქარის შემცველი ტექსტებით. ზარები ქართული ნომრებიდან და უცხო ექვეყნებიდან ხორციელდება.