საქართველოს პენცენტრი სულაკაურის გამომცემლობას სოლიდარობას უცხადებს და პრორუსული ძალებისა თუ ტელევიზიების მიერ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე შეშფოთებას გამოთქვამს.
პენცენტრში ეხმაურებიან პრემიერმინისტრის განცხადებას და აღნიშნავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ეს ცრუ ინფორმაცია გაიმეორა.
"სამწუხაროდ, ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი ადამიანებისთვის ჩაგვრის, განადგურების, სიძულვილის, განსხვავებულის მიუღებლობის გარდა, რუსეთი და საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ხდება ბავშვებისთვის რაიმე უცხო ღირებულებების თავს მოხვევა. ამ კამპანიის ერთადერთი რეალური მიზანი არის საქართველოს ევროპული გზისთვის საბოტაჟის მოწყობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პენცენტრი და წერილზე ხელმომწერი ადამიანები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს იმგვარ რუსულ ინიციატივებს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს და დააზიანოს საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ.
"ჩვენ ვგმობთ სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ პრორუსული ძალების მიერ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გააგრძელოს რუსული კანონების მიღების მცდელობა და ამ გზით ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისთვის საბოტაჟის მოწყობა.
ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს სიფრთხილისაკენ, რათა არარსებული საფრთხეების წარმოჩენით მას არ მოჰპარონ საქართველოს და მის შვილებს ევროპული მომავალი, რომელიც უალტერნატივოა ამ ქვეყნისა და მისი მომავლისთვის და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.
ვგმობთ რა სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ დაწყებულ ამაზრზენ ცილისმწამებლურ რუსულ კამპანიას, ვაცხადებთ, რომ ყველა, როგორც ერთი, დავიცავთ ნებისმიერ გამომცემელს, მწერალს, ნებისმიერი სფეროს ხელოვანსა თუ ინსტიტუციას, რომლის გაჩუმება ან განადგურებაც ენდომებათ რუსეთს და მის მსახურებს", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერთა სია იხილეთ აქ.
ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური რიტორიკა გააქტიურა და პროპაგანდისტული მიზნებისთვის, სხვადასხვა ადამიანსა თუ დაწესებულებას თავს ესხმის. ერთ-ერთია სულაკაურის გამომცემლობა, რომელიც ე.წ. ლგბტ პროპაგანდაში მათ შორის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დაადანაშაულა.
ქართულმა ოცნებამ პროპაგანდა ააგო შარლ პეროს მე-17 საუკუნის ერთერთ ზღაპარზე, რომელიც გამომცემლობამ, დაახლოებით, 10 წლის წინ თარგმნა და დღეს გაყიდვაშიც აღარ არის, რადგან სრულად ამოყიდულია.