ინტერნეტში პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეროვნული საჰაერო გვარდიის წევრი დააკავა.
გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდის განცხადებით, FBI-მ დააკავა 21 წლის ჯეკ ტეიშეირა.
"გამოძიება გრძელდება", - თქვა გარლანდმა იუსტიციის დეპარტამენტში მოკლე განცხადების გაკეთების დროს.
FBI-ს განცხადებით, ოპერაცია ნორთ დაიტონში, მასაჩუსეტსის შტატში ჩატარდა.
სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ შეიარაღებული სამართალდამცავები ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ნაცრისფერი მაისური და წითელი შორტები აცვია. როგორც ცნობილია, დაკავებამ სირთულეების გარეშე ჩაიარა.
Video here appearing to show Teixeira being taken into custody by the FBI: pic.twitter.com/0yq6hgimnD
აშშ-ში უკვე რამდენიმე კვირაა იძიებენ და ეძებენ პირს, რომელიც ინტერნეტში დაზვერვის ანგარიშების გაჟონვაზეა პასუხისმგებელი. დოკუმენტები სოციალურ ქსელებში მარტში გამოჩნდა და მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა უკრაინის არმიის შესახებ ანგარიში და ინფორმაცია მოკავშირეების - ისრაელის, სამხრეთ კორეისა და თურქეთის შესახებ.
ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია სწორედ უკრაინასთან დაკავშირებულმა დოკუმენტებთან, რომელიც არმიის შესაძლებლობებსა და ნაკლოვანებებს ეხებოდა.
ეჭვმიტანილის დაკავებამდე ჯერ კიდევ The New York Times წერდა, რომ 21 წლის ტეიშირა ეროვნული გვარდიის წევრი იყო და Discord-ზე Thug Shaker Central-ის ონლაინ-ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელშიც 20-30 ადამიანი იყო გაერთიანებული. გამოცემის ინფორმაციით, ამ ჯგუფში ტეიშირა ყვებოდა იმის შესახებ, რომ უყვარდა იარაღი, აზიარებდა მიმებსა და ვიდეოთამაშებს. შესაძლებელია საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის პირველწყაროც სწორედ ეს ჯგუფიც იყოს.
The Washington Post წერდა, რომ დოკუმენტების გაჟონვის უკან შესაძლოა 25 წლამდე პირი მდგარიყო, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე მუშაობდა. აშშ-ში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ საგამოძიებო სტრუქტურები პასუხისმგებელი პირის გამოვლენასთან ახლოს იყვნენ.