
სპეციალური პენიტენციური სამხსახური ეხმაურება ომბუდსმენ, ლევან იოსელიანის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან თქვა, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.
კერძოდ, პენიტენციური ირწმუნება, რომ "ზოგიერთმა მიკერძოებულმა ტელევიზიამ" დამახინჯებულად გააჟღერა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით დებულებებში ასახული ცვლილებების განმარტება.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმებას და მიზნად ისახავს მათი უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივ მოწესრიგებას.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მიკერძოებული ტელევიზიის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობის მიზნით არასრულად და დამახინჯებულად გაჟღერდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით დებულებებში ასახული ცვლილებების განმარტება, კერძოდ, თითქოსდა პირადი სრული შემოწმებისას ერთდროულად მთლიანი სხეულის გაშიშვლება ამ დრომდე წარმოადგენდა გავრცელებულ პრაქტიკას", - წერია განცადებაში.
მათივე თანახმად, შემოწმების მიზნით პატიმრის გაშიშვლების პრაქტიკა ბოლო რამდენიმე წელია აღარ გამოიყენება, ხოლო ამჟამად ბრალდებული/მსჯავრდებული სკანერის მეშვეობით ან მისთვის მისაღები საშუალებით მოწმდება.
პენიტენციური სამსახური ასევე აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში პატიმრის სხეულის მხოლოდ ის ნაწილი გაშიშვლდება, რომლის დათვალიერებაც "შესაბამისი საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე" ჩაითვლება საჭიროდ.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას სრული (ერთდროულად მთლიანი სხეულის) გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ რიგი დაწესებულებების დებულებებით მოწესრიგებული იყო სრული გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვა, ხოლო მიმდინარე პერიოდში სრულად იქნა მოწესრიგებული ყველა დაწესებულების დებულების შესაბამისი ჩანაწერი.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის დათვალიერებით. ბრალდებული/მსჯავრდებული თავად ირჩევს მისთვის მისაღებ შემოწმების საშუალებასა და ფორმას, რაც მათი გარანტირებული უფლებაა.
გვსურს განვმარტოთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე", - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
***
დღეს ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.
"საგულისხმოა, რომ საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული", - წერს ომბუდსმენი.