
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პარტიების ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ეს არ არის ევროპული გზა".
ელჩის თქმით, ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები.
"ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოში. როგორც უკვე ვთქვი, ევროკავშირი ეფუძნება ძალიან მკაფიო პრინციპებს, ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია, რომელიც გულისხმობს მრავალპარტიულ სისტემას. ეს ნიშნავს მოქალაქეების შესაძლებლობას, შექმნან პოლიტიკური პარტიები, რათა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში.
პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები, რაც მოსალოდნელია - არის დიალოგი. ადამიანები აკეთებენ დათმობებს და ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას, ევროკავშირისკენ სვლას და სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
13 მაისს ქართული ოცნების ერთპარტიულმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა პარტიების ამკრძალავ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი და დაამტკიცა.
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვის დამატებითი საფუძველი ენიჭება. კერძოდ, სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომელიც უკვე აკრძალული პარტიის იდენტურია – მათ შორის გაცხადებული მიზნებით, საქმიანობის არსითა და პერსონალური შემადგენლობით.
ცვლილებები შეეხება ორ კანონმდებლობას – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონებს. პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, თუ ის ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს, დამოუკიდებლობას, ან აწარმოებს ძალადობის პროპაგანდას.
ახალი ცვლილებების მიხედვით, სასამართლო ვალდებული იქნება გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს 9 თვეში მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეში.