13, 12 და 10-დღიანი პატიმრობები შეეფარდათ მოსამართლეების ქეიფის პარალელურად საპროტესტო აქციის მონაწილეებს. 5 პროცესი ერთმანეთის მიყოლებით გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ წუთებში დაკავებული მსახიობის გიორგი ჩაჩანიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. გადაწყვეტილებების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. სხდომებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ერთი და იგივე მოწმეები ესწრებოდნენ, რომლებიც სხვადასხვა დარბაზში გადადიოდნენ. ადვოკატებმა მოითხოვეს ყველა მოსამართლის აცილება იმ მოტივით, რომ ისინი რესტორან ბაბილოში გამართულ ქეიფს ესწრებოდნენ. ერთმა მათგანმა - მანუჩარ ცაცუამ ეს დაადასტურა კიდეც, თუმცა აცილების საფუძველი მაინც ვერ დაინახა. ყველაზე დიდი ხმაური გამოიწვია ტიტე გედენიძისა და ზვიად რობაქიძის გადაწყვეტილებამ.