აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.
"ჩვენ პასუხის გაცემა დავიწყეთ. ის იმ დროსა და ადგილად გაგრძელდება, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ.
აშშ-ს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ნაწილში სურს, მაგრამ ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმა უპასხუოდ არ დარჩება", - თქვა ბაიდენმა.
იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, გუშინ აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
28 იანვარს, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ბაზაზე დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა მიიტანეს.
ირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმასთან ოფიციალურ თეირანს არანაირი კავშირი არ აქვს. იორდანიის მთავრობამ კი მომხდარი დაგმო და დარტყმებს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.