პარტია საქართველოსთვის თათია სამხარაძის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას ეხმაურება. პარტიაში აცხადებენ, რომ "ფსიქოლოგიური ტერორი" მიზნად ისახავს ხელისუფლების პროპაგანდისტის დაცვას, მსხვერპლის დისკრედიტაციას და პოტენციური მსხვერპლების დაშინებას.
"თათია სამხარაძის შემთხვევა ნათლად ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გამქრალია ხელისუფლების დღის წესრიგიდან. ოცნებამ უარი თქვა იმ პროგრესზე, რასაც სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მივაღწიეთ.
უფრო მეტიც, იქ, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს მოძალადის და არა მსხვერპლის დასაცავად.
სოლიდარობას ვუცხადებთ თათია სამხარაძეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე", - აცხადებენ პარტიაში.
ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.
ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
ქალების მხრიდან მხილების შემდეგ 24 მარტს 112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.
მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."
სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.