პარტია საქართველოსთვის სენატორების წერილსა და ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება. პარტიის თქმით, ქართული ოცნება რუსეთის სტრატეგიულ მიზანს ასრულებს და ქვეყანას მეგობრების გარეშე ტოვებს.
ამასთან, პარტია საქართველოსთვის ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.
"აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა. ხელისუფლება ასრულებს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, ტოვებს ქვეყანას მეგობრების გარეშე, ართმევს განვითარების პერსპექტივას, ამკვიდრებს რუსული ტიპის ავტორიტარიზმს და მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ.
ხელისუფლება საქართველოს მეგობრებს - ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დამცველებს - აცხადებს მტრებად, რითაც ღიად არღვევს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და გვაბრუნებს რუსულ ორბიტაზე.
მივმართავთ ხელისუფლებას - გაიწვიეთ კანონი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოს, ჩაატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დააბრუნეთ ქვეყანა ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
14 ამერიკელი სენატორი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ.
წერილში სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიცირებული "უცხოური აგენტების კანონპროექტი" კანონი გახდება, ისინი იძულებულნი გახდებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი წერილი სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია.
ამასთან, 25 აპრილს, ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს ეხება. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ რუსული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია.
ასევე, რეზოლუციის შესწორებაში ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მოითხოვენ, შეფასდეს რუსული კანონის გავლენა უვიზო რეჟიმის კრიტერიუმებზე.