პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ჩავარდა, ოცნებამ რეგისტრაცია არ გაიარა

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ჩავარდა, ოცნებამ რეგისტრაცია არ გაიარა

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი.

რეგისტრაცია პარლამენტის 51-მა დეპუტატმა გაიარა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გაიაროს რეგისტრაცია კენჭისყრამდე, რასაც "მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის აქტი უწოდა".

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კენჭისყრა სხვა საკითხებთან ერთად ხვალ გაიმართება.

6 აპრილს საპარლამენტო ოპოზიციამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, სადაც იმ კორუფციულ საქმეებს შეისწავლიან, რაზეც საუბარია მოსამართლეების სანქცირების წერილში.

***

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.