პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება. ეს განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კობახიძის თქმით, იციან, რომ პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი არ არსებობს, თუმცა, ოცნების თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ "რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს აღმოაჩნდება პატრიოტიზმი, რომ ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა რეაგირების გარეშე არ დატოვოს".
"მიმდინარე კვირაში, ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, მყისიერად გადადგებოდა პრეზიდენტის თანამდებობიდან, თუმცა ისიც გვესმის, რომ არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.
საქართველოს პარლამენტში, მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე, შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევდა კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი, ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე არ დატოვოს", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
პროცესი ახლა პარლამენტში გადავა, სადაც კენჭს უყრიან ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებას 100 ხმა სჭირდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.