
პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება ეძლევა, სასამართლოს მეშვეობით მაუწყებლების შესახებ საბანკო კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს.
კანონპროექტს მხარი ერთხმად, 77 დეპუტატმა დაუჭირა. მისი ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს "მაუწყებლობის შესახებ" კანონის ეფექტიან აღსრულებას, განსაკუთრებით — იმ რეგულაციების, რომლებიც მაუწყებლების აკრძალულ დაფინანსებას უკავშირდება.
ამჟამინდელი კანონით, მაუწყებლების დაფინანსება აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების, პოლიტიკური პარტიებისა და უცხოური ძალების მხრიდან. კომისიის განმარტებით, რეგულაციის აღსრულება საჭიროებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც დაფინანსების წყაროების საბანკო ტრანზაქციების შემოწმებასაც გულისხმობს.
ინიციატორთა თქმით, ცვლილებები კომისიას მისცემს შესაძლებლობას, სასამართლოს გზით მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია და უზრუნველყოს კანონის მიზნების შესრულება.