პაპუაშვილის მტკიცებით, მედიის შემზღუდავ ახალ კანონს სიტყვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს

პაპუაშვილის მტკიცებით, მედიის შემზღუდავ ახალ კანონს სიტყვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს

ქართული ოცნების ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ამას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს.

ის ირწმუნება, რომ მედიის შესაზღუდად "ბრიტანულ სტანდარტს" გადმოიტანენ, კანონზე კრიტიკული მოსაზრების მქონე პირებს კი მიმართავს, "დიდი ბრიტანეთი და მისი საელჩო" გააკრიტიკონ.

"ჩვენ ვსაუბრობთ ფეიკ ნიუსებზე, როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში, თუ რა დამაზიანებელი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, ამას საქართველოშიც ვხედავთ ხშირად, ასე რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ ფეიკ ნიუსებს.

აქაც, ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ. ბრიტანული სტანდარტი რომელიც მიღებულია, მათ შორის მედიასთან დაკავშირებით - ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. რაიმე კითხვებია ამ სტანდარტთან? მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ, ან თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო.

დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვის თავისუფლებით, ასე რომ არანაირი კავშირი ფეიკ ნიუსებთან ბრძოლას სიტყვის თავისუფლებასთან ამ მხრივ არ აქვს", - ამბობს პაპუაშვილი.

ქართული ოცნება მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად ახალი კანონის მიღებას გეგმავს. ეს განცხადება არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს, ბრიფინგზე გააკეთა.

მამუკა მდინარაძის თქმით, დაიწყებენ მუშაობას ახალი კანონის დასაინიცირებლად, რომლითაც "დადგინდება მედიის ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტიკური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება მათი მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან".