ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც შეეხება ვიზის შემოღებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვა, სხვა ეს ყველაფერი - ეს არის სანქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ესკალაცია თავის მხრივ გულისხმობს, რომ შევდივართ ისეთ სპირალში, რომლის წინასწარი განჭვრეტა შედეგებისა, შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ, როცა აწესებს სანქციებს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ იქნება კონტრსანქციები, საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას შეექმნება საფრთხე.
ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში და დასავლეთის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და გარდა ამისა, იცით, რომ ასევე, დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე, ამიტომ ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ა.შ., ანუ ისინი, ვინც ჩვენ გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში რუსეთთან, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, ამავე დროს, არავინ არ გვაძლევს ჩვენ არც უსაფრთხოების გარანტიებს და არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიებს.
აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრის დროს.