პარლამენტის თავმჯდომარე, შარლვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება და მას "ფარისევლურს" უწოდებს. საუბარია განცხადებაზე, როცა ევროკავშირის ელჩმა ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი" უწოდა.
"ის [პაველ ჰერჩინსკი] რატომღაც არ აფასებს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წარმოებულ კამპანიას. მათი ბანერებიც ვნახეთ როგორც გაკრული ქალაქში, ისე მცირე პოსტერები, რომლებსაც ხან სოციალური მედიით ავრცელებენ და ხან აკრავენ სხვადასხვა ადგილას და ამ მხრივ არის ფარისევლური მისი განცხადება. ჩვენ გვახსოვს, რომ მან აღმაშფოთებელი არ უწოდა ფექჩექის თანამშრომლის მხრიდან პარლამენტის წევრზე საჯარო სივრცეში მივარდნას და თავდასხმას, იმიტომ რომ ფექჩექის ეს თანამშრომელი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მან სამარცხვინო არ უწოდა სირცხვილიას თანამშრომლების მხრიდან პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან რეკვას, მუქარის და შეურაცხყოფის ზარებს, იმიტომ რომ სირცხვილია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მან შემზარავი არ უწოდა ჯემნიუსის ჟურნალისტის მხრიდან გავრცელებულ ბანერს, თუკი ბანერებზე ვსაუბრობთ, სადაც ის 84 ტყვიით გვემუქრებოდა პარლამენტის წევრებს, იმიტომ რომ ჯემნიუსი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. როდესაც სხვები დააპირებენ, რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თვალში მოძებნონ არის თუ არა იქ დირე. აი ეს არის სამწუხარო ფარისევლური დამოკიდებულება", - თქვა პაპუაშვილმა.