პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში "რადიკალური დაჯგუფებების წევრების" ხილვით იმედგაცრუებულია. მისი მტკიცებით, ეს "რადიკალიზმის" პირდაპირ წახალისებაა.
"სამწუხაროდ, არის ერთი მომენტი და მე ვთქვი კიდევაც, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელის და სტრასბურგის კორიდორებში. ეს პირდაპირ არის წახალისება რადიკალიზმისა და რა თქმა უნდა, თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება.
ამიტომ, მე ვწუხვარ, იყო სხვა დროსაც ეს შემთხვევა, მე მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს პოზიცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ, რომ ერთი მხრივ, საუბრობდე, რომ ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი დეპოლარიზაციისთვის და მეორე მხრივ, ამ დეპოლარიზაციის ბორბალში ჯოხს დებდე იმით, რომ რადიკალებს ახალისებდე, იქნება ეს შეხვედრებით თუ სხვა მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან იმედგამაცრუებელი.
მათ შორის, გარდა შეხვედრებისა და ხელის ჩამორთმევისა, ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა, აძლევს დამატებით ენერგიას რადიკალურ ჯგუფებს და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გააცნობიეროს", - აცხადებს პაპუაშვილი.
"რადიკალურ დაჯგუფებებში" პაპუაშვილი, სავარაუდოდ, სამი პარტიის წარმომადგენლებს გულისხმობს. ბოლო კვირის განმავლობაში სწორედ ისინი იმყოფებოდნენ სტრასბურგსა და ბრიუსელში, გამართეს შეხვედრები და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ევროპარლამენტარებს ესაუბრნენ.