გავიხსენოთ, მაგალითად, უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხი და ამასთან დაკავშირებული პროტესტი. საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? წამოვიდა გარედან - იმ მოთხოვნით დაიწყო, რომ მოხალისეები ორგანიზებულად გაეშვა საქართველოს ხელისუფლებას. გვახსოვს, გარედან მოდიოდა ეს ზეწოლა, გარედან მოდიოდა ეს პრეტენზიები, რომ საქართველოს სამხედრო ხასიათის რაღაც ქმედება თუ დახმარება აღმოეჩინა და ამ ტალღას დააჯდა მაშინ ოპოზიცია. სხვა ასეთივე პროტესტი შეეხებოდა კანდიდატის სტატუსის არმიღებას. ესეც გარედან წამოვიდა, გარედან იყო ამ თემის პედალირება და ამ ტალღაზე დაჯდა შემდეგ ოპოზიცია.
ეს თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტმა სავიზო შეზღუდვა დაუწესა რამდენიმე მოსამართლეს. მთელი უხერხულობა ამ მდგომარეობის ის არის, რომ ოპოზიცია ვერც კი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე და ვერც კი ხვდება, რომ ასე საჯაროდ, გარედან შემოტანილ თემაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობა არაპატრიოტული რომ არის, ეს თავისთავადია, თუმცა ამასთან ერთად, ეწინააღმდეგება იმ მანდატს, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა.
ამბობს იმედთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.