
ბრიტანეთის საელჩოსთან დაკავშირებით ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამჯერად Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.
ის მიმართავს საელჩოს, "გაასაჯაროოს, ვის რა თანხებით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის რა თანხით აფინანსებს დღეს".
"ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა.
მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.
ასევე მივმართავ ყველას, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია", - წერს ის.
11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ, მათი მხრიდან არჩევნების მონიტორინგზე ორიენტირებული საგრანტო პროექტების განხორციელება იძულებით გაუქმდა. პროექტები მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა განათლებისა და სამოქალაქო მონიტორინგის ხელშეწყობას, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობადაც აღიარა.
ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ელჩისგან განმარტება მოითხოვა. ასევე, მან როგორც ბრიტანეთის საელჩო, ასევე ელჩი "ექსტრემიზმისა და პროპაგანდის დაფინანსებაში" დაადანაშაულა.