საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების განხილვას ეხმაურება და ევროპარლამენტარებს ურჩევს, დაფიქრდნენ "იქნებ არის დრო, ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი შეცდომები გამოასწორონ".
შალვა პაპუაშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტის მთავარი გამოწვევა "ზედაპირულობაა" და მისი აზრით, ევროპარლამენტარების მხრიდან იგრძნობა "პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპათიები".
"მთავარი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ევროპულ პარლამენტში ვაწყდებით, არის ზედაპირულობა. ჩვენ ვნახეთ ციტატებით მანიპულირება, დეზინფორმაციის გავრცელება, ფაქტების დამახინჯება, რაც ევროპარლამენტის ბოლო სამ რეზოლუციაში იყო ასახული. ჩვენ რაც მოვისმინეთ, ზოგიერთ განცხადებაში პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპათიები იგრძნობოდა. ეს არ არის სერიოზული და ევროპული დამოკიდებულება, რაც ქართველ ხალხს აქვს." - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მარინა კალიურანდის ოცნებისადმი რჩევას, "არ დაადანაშაულონ სხვები, სარკეში ჩაიხედონ" უპასუხა, რომ საჭიროა, ევროპარლამენტარებმა ჩახედონ "ბოლო სამ რეზოლუციას".
შალვა პაპუაშვილის აზრით, ევროპარლამენტარებმა "ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც [ევროპარლამენტის] ბოლო სამ რეზოლუციაში იყო"
მისი თქმით, რეზოლუციების იმ ნაწილს, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, პასუხი სტრასბურგის სასამართლომ გასცა და ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები "პროპაგანდას იყვნენ აყოლილები".
"სარკეში ჩახედვას რაც შეეხება, ყველა ევროპარლამენტარს ვურჩევდი, სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის კალიურანდმა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც ამ ბოლო სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი გასცა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ. ის ჩანაწერები ნახონ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ პროპაგანდა, რომელსაც აყოლილი იყვნენ ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები. დაფიქრდნენ, იქნებ არის დრო, ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი შეცდომები გამოასწორონ, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომლებმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა დააზიანა. ამ საკითხს ასე შეხედონ" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
8 ივნისს ევროპარლამენტის კომიტეტზე საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება განიხილეს. ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.
მათ შორის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ქართული ოცნება ანტიდასავლური რიტორიკის გამო გააკრიტიკა და მმართველ გუნდს ურჩია, "არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად.".
კალიურანდმა ასევე აღნიშნა, რომ "12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პროგრესი არასრული, ხშირად ზედაპირულია".
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა, ლუკ დევინმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, ქმედებები თუ განცხადებები დამაზიანებელია.
მან ქართული ოცნება გააკრიტიკა სასამართლო რეფორმის ევროინსტიტუტბთან კონსულტაციის გარეშე მეორე მოსმენით მიღებისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას კი "მეგობრების დანიშვნა" უწოდა.