
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს 71 წლის აკადემიკოსის, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე ჰკითხეს. პაპუაშვილმა ექიმს "დამნაშავე უწოდა" და თქვა, რომ "პროფესიულად დისკრიმინაცია ვერ მოხდება".
პაპუაშვილის თქმით, "დამნაშავეებსაც აქვთ თავისი პროფესია".
"ჩავარდა ხელისუფლების დამხობა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მოყვება ამ ყველაფერს. ის, ვინც ბედავს სითამამეს, მათ შორის კონკრეტულად ეს ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა და სხვებსაც მიუთითებდა, რომ იქ შესულიყვნენ, თუკი ეყო ამ ადამიანს იმის სითამამე, რომ დაეღვია კანონი და შესულიყო პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე, მაშინ უნდა ეყოს იმის სითამამეც, რომ მიიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. ცხოვრება არ არის თვითმომსახურების მაღაზია - რასაც გინდა აიღებ და რასაც გინდა არ აიღებ. ასეა, მით უმეტეს, როდესაც ადამიანებს ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ...
ყველას აქვს რაღაც პროფესია, დამნაშავეებსაც აქვთ თავისი პროფესია... ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც. პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია ვერ მოხდება და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ. ეს რა მორალია, საერთოდ გაუგებარია.
მარტივია საკითხი, არის ცხადი, რომ იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა, იყო მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, არის ცხადი, რომ დაიწყო ასრულება ამ მოწოდების და ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც შეიჭრნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში...
ეს არის აბსოლუტური სისულელე, რასაც საუბრობენ. დისკრიმინაცია ადამიანების პროფესიის მიხედვით არ ხდება, არც ასაკის, არც წარმომავლობის და არც კანისფერის მიხედვით, ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, რომ მოიძიონ, მოიკვლიონ და შესაბამის პასუხისგებაში მიეცენ"- თქვა პაპუაშვილმა.
9 ოქტომბერს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით აკადემიკოსი, 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს.