პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული

პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

"მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ერთადერთი რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე. ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის და პატივისცემისა", - წერს შალვა პაპუაშვილი.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავე დროს, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

ამავე დროს, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ სასამართლოს სააკაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. დღევანდელი პასუხი "ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება" მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე.

"ანუ დაცვის მხარემ ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ, ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხი ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, როგორც მინიმუმ მანამ სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება", - განმარტა თუთბერიძემ.