დღევანდელი დღე განასახიერებს საქართველოს მოსახლეობის დაუოკებელ სწრაფვას საკუთარი მომავლის თავად განკარგვის უფლების მოსაპოვებლად, სხვა ერთა შორის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და განვითარების უსაფრთხო გარემოს საბოლოოდ განსამტკიცებლად. ეს დღე საუკუნეების მანძილზე მტრებთან ბრძოლაში სისხლად დაღვრილი ძალისხმევის და მიწასთან დაუნებებელი ჭიდილის შედეგია. თუმცა ბრძოლა თავისუფლებისათვის არასდროს მთავრდება. მითუმეტეს ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა...
ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც. რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ.
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.