პაპუაშვილი ბრიტანეთის ელჩს "ექსტრემიზმის დაფინანსებაში" ადანაშაულებს, განმარტებას ითხოვს

პაპუაშვილი ბრიტანეთის ელჩს "ექსტრემიზმის დაფინანსებაში" ადანაშაულებს, განმარტებას ითხოვს

ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების გაურკვევლობის გამო საარჩევნო მონიტორინგის გრანტები გაუქმდა, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელჩისგან განმარტებას ითხოვს.

რუსთავი 2-ის ეთერში შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩო, ასევე ელჩი "ექსტრემიზმისა და პროპაგანდის დაფინანსებაში" დაადანაშაულა.

ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნების დაგვიანებული პასუხის გამო, დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცემა ტაბულასთვის მათ მიერ მოგებული პროექტის გაუქმებაზეც გააკეთა კომენტარი და მედიას - "პროპაგანდისტული კედლის გაზეთი" უწოდა, საელჩოს განცხადებას კი "აღიარება, რომ ის აპირებდა წინასაარჩევნოდ პროპაგანდის დაფინანსებას".

"სხვათა შორის, საკმაოდ გამიკვირდა ეს განცხადება, ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა ექსტრემიზმის დაფინანსებაში. ამას თუ გააკეთებდა, არ ვიცი, რანაირად მოუვიდათ ეს ყველაფერი. თქვენ ნახეთ, მათ შორის თავის თავი დაასახელა ტაბულამ, რომ მას უნდა მიეღო დაახლოებით 200 000 ლარი საარჩევნო საკითხებისთვის და ასევე, გასაჯაროვდა ის ორგანიზაციები, ვის დაფინანსებასაც აპირებდა.

დიდი ხანი სულ ვფიქრობდი, სხვათა შორის, ვინ აფინანსებს ტაბულას. ტაბულა ეს არის ჩვეულებრივი პარტიული, პროპაგანდისტული კედლის გაზეთი, ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის პროპაგანდისტული კედლის გაზეთი, თავისი შინაარსით, ამას დიდი მონიტორინგი და დაკვირვებაც არ სჭირდება, უბრალოდ რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ, რომელი პარტიის პროპაგანდას ეწევა ეს მედია პლატფორმა. ანუ, ბრიტანეთის საელჩო აღიარებს, რომ ის აპირებდა პროპაგანდა დაეფინანსებინა წინასაარჩევნოდ. [...]

ერთი გავარკვიეთ, რომ ბრიტანეთის საელჩოს წამოსცდა, რომ ისინი აპირებდნენ პროპაგანდის დაფინანსებას, რაც აჩვენებს, რომ დიდი ალბათობით, აქამდეც აფინანსებდნენ პროპაგანდას, ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის საელჩო ყოფილა საქართველოში ის, ვინც აფინანსებს საქართველოში პროპაგანდას.

მეორე ორგანიზაცია, რომლისთვისაც აპირებდნენ 400 000 ლარის მიცემას 3 თვეში, გახლავთ საქართველოს მომავლის აკადემია. [ფოტოზეა] გია ჯაფარიძე, ნაციონალური მოძრაობის სიის მე-5 ნომერი. [...] ეგეთი ზღაპრები, რომ [არა პარტიის, არამედ კოალიციის წევრია] მოუყვეს ბრიტანეთის ელჩს. [...] სხვათა შორის, მეორე, ვინც არის ამ ორგანიზაციის წევრი, ბატონი ზიბზიბაძე, ეს გახლავთ ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მას შემდეგ, რაც რადიკალიზმში იქნა მხილებული, უცებ ჩააჩოჩეს და წამოწიეს მეორე ორგანიზაცია ზემოთ.

ახლა, კიდევ ერთხელ - ბრიტანეთის ელჩს არ ვიცი მე, როგორ მოუვიდა ეს ამბავი, მაგრამ თავისი თავი ამხილა ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში. თავიდან გამიკვირდა, როცა ეს ინფორმაცია გავიგე და მოვიკითხე, მათ შორის, რასთან მქონდა საერთოდ საქმე და თვალებს არ დავუჯერე - პირდაპირ, დღისით, მზისით ამბობენ - უნდა დავაფინანსოთ პროპაგანდა და უნდა დავაფინანსოთ ექსტრემისტული ჯგუფები, რომელიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ესენი უნდა დააკვირდნენ არჩევნებს? ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა გააკეთოს ამაზე განცხადებები", - ირწმუნება შალვა პაპუაშვილი.

დღეს, 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ, მათი მხრიდან არჩევნების მონიტორინგზე ორიენტირებული საგრანტო პროექტების განხორციელება იძულებით გაუქმდა. პროექტები მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა განათლებისა და სამოქალაქო მონიტორინგის ხელშეწყობას, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობადაც აღიარა.